შინაარსზე გადასვლა

ფერნანდუ (ვიზეუს ჰერცოგი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფერნანდუ პორტუგალიელი
წოდებები
ვიზეუსა და ბეჟას ჰერცოგი
დაიბადა 17 ნოემბერი, 1433
ალმეირინი, პორტუგალია
გარდაიცვალა 18 სექტემბერი, 1470, (36 წლის)
სეტუბალი, პორტუგალია
საგვარეულო ავისები
მეუღლე(ები) ბეატრიზ პორტუგალიელი
შვილ(ებ)ი მანუელ I, პორტუგალიის მეფე
ელეანორა, პორტუგალიის დედოფალი
იზაბელა, ბრაგანსას ჰერცოგინია
მამა დუარტე I, პორტუგალიის მეფე
დედა ელეანორ არაგონელი
რელიგია კათოლიციზმი

ფერნანდუ პორტუგალიელი (პორტ. Fernando de Portugal; დ. 17 ნოემბერი, 1433 — გ. 18 სექტემბერი, 1470) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე დუარტე I-ისა და დედოფალ ელეანორ არაგონელის ვაჟი. ბეჟას ჰერცოგი 1453-1470 და ვიზეუს ჰერცოგი 1460-1470 წლებში. პორტუგალიის დედოფალ ელეანორ ვიზეუელისა და მეფე მანუელ I-ის მამა.

ფერნანდუ დაიბადა 1433 წლის 17 ნოემბერს ალმეირინში. იგი იყო პორტუგალიის მეფე დუარტე I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ელეანორ არაგონელის უმცროსი ვაჟი. მამამისი მალევე, 1438 წელს გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი მისმა მცირეწლოვანმა ძმამ, აფონსუ V-მ დაიკავა. ვინაიდან ახალგაზრდა მეფეს ჯერ შვილები არ ჰყავდა, ტახტის პირველ მემკვიდრედ ფერნანდუ მოიაზრებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც აფონსუს პირველი და შემდეგი შვილები შეეძინა, ფერნანდუმ სულ უფრო უკან გადაინაცვლა მემკვიდრეთა რიგში.

სამეფო კარის ქრონიკების მიხედვით, აფონსუს სურდა ჩრდილო აფრიკაზე გალაშქრება და მისი პორტუგალიისათვის მიერთება, თუმცა ზოგიერთი წყაროს თანახმად იგი ბიძამისთან, ნეაპოლის მეფე ალფონსო I-თან შეერთებას აპირებდა სამხრეთ იტალიურ კამპანიაში. როგორც ჩანს, ფერნანდუს იმედი ჰქონდა, რომ უშვილო ალფონსო მას მემკვიდრედ დაასახელებდა, მაგრამ ამაოდ.

1453 წელს მისმა ძმამ, მეფე აფონსუ V-მ მას ბეჟას ჰერცოგობა უბოძა. როდესაც 1460 წელს ბიძამისი, ენრიკე ნავიგატორი უშვილოდ გარდაიცვალა, აფონსუმ მისი ტიტული მემკვიდრეობით მიიღო და ვიზეუს ჰერცოგიც გახდა.

საბოლოოდ მან თავისი ოცნება აისრულა და 1458 წელს ჩრ. აფრიკაში წავიდა საბრძოლველად. მან მოახერხა და დაიპყრო მაროკოს ქალაქი ალკაკერ-კეგუერი, საბოლოოდ კი დაიკავა საპორტო ქალაქი ანფაც.

ფერნანდუ გარდაიცვალა 1470 წლის 18 სექტემბერს, სეტუბალში. იგი დაკრძალულია კონსიეკაოს მონასტერში, ბეჟაში, რომელმაც მისმა ცოლმა ააგო.

1447 წელს ფერნანდუმ ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი ბეატრიზ პორტუგალიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები:

  1. ჟუანი (1448-1472), ვიზეუსა და ბეჟას ჰერცოგი, პორტუგალიის კონშტაბლი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  2. დიოგუ (1450-1484), ვიზეუსა და ბეჟას ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  3. ელეანორი (1458-1525), ცოლად გაჰყვა პორტუგალიის მეფ ჟუან II-ს, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა;
  4. იზაბელა (1459-1521), ცოლად გაჰყვა ბრაგანსას ჰერცოგ ფერნანდუ II-ს, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი;
  5. დუარტე (1462), გარდაიცვალა ჩვილი;
  6. დინიში (1464), გარდაიცვალა ჩვილი;
  7. კატარინა (1465), გარდაიცვალა ჩვილი;
  8. შიმაუ (1467), გარდაიცვალა ჩვილი;
  9. აფონსუ (1468), გარდაიცვალა ჩვილი;
  10. მანუელ I (1469-1521), პორტუგალიის მეფე 1495-1521 წლებში, პირველად იქორწინა თავისი დისწულის ქვრივ ისაბელ არაგონელზე, რომელიც მალევე დაიღუპა, ამიტომაც ცოლად თავისი ცოლისდა მარია არაგონელი შეირთო, რომელთანაც შეეძინა შვილები, თუმცა მისი დაღუპვის შემდეგ იქორწინა თავისი ცოლების დის შვილ ელეონორა ავსტრიელზე, რომელთანაც ერთი ასული შეეძინა;
  • Stephens, Henry Morse (1903). The Story of Portugal. G.P. Putnam's Sons. p. 139. Retrieved 17 September 2018.
  • de Sousa, Antonio Caetano (1735). Historia genealogica da casa real portugueza [Genealogical History of the Royal House of Portugal] (in Portuguese). 2. Lisboa Occidental. p. 497.
  • Armitage-Smith, Sydney (1905). John of Gaunt: King of Castile and Leon, Duke of Aquitaine and Lancaster, Earl of Derby, Lincoln, and Leicester, Seneschal of England. Charles Scribner's Sons. p. 21. Retrieved 17 July 2018.
  • de Sousa, Antonio Caetano (1735). Historia genealogica da casa real portugueza [Genealogical History of the Royal House of Portugal] (in Portuguese). 2. Lisboa Occidental. p. 4.